წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები 68%-ით დაეცა, რის შედეგადაც, კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დაახლოებით, $140 მილიარდი დაკარგა.
ამის მიუხედავად, მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად რჩება. Businessinsider-ის ინფორმაციით, მასკის ქონება მიმდინარე წლის დასაწყისში 300 მილიარდი დოლარი იყო და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ლიდერობდა, თუმცა ამ თანხის ნახევარზე მეტი, მათ შორის Tesla-ს აქციების ვარდნის გამო დაკარგა.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2022 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით, მასკის ქონება ახლა $130 მილიარდს შეადგენს, რაც წლის დასაწყისში არსებულის ნახევარზე ნაკლებია. ოქტომბრის ბოლოს მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად იყიდა, რის შემდეგაც, Tesla-ს აქციების ფასი 50%-ით შემცირდა.
Bloomberg-ის თანახმად, მასკის ყველაზე ძვირფასი აქტივია SpaceX. მისი წილი ამ კომპანიაში დაახლოებით 47 მილიარდი დოლარია. მასკის წილი Tesla-ში დღემდე დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Twitter, მასკის შემდეგი ყველაზე ძვირფასი აქტივი, Bloomberg-ის მიერ 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მასკი ასევე ფლობს წილს The Boring Company-ში, რომელიც Bloomberg-მა 3,3 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამ შეფასებით, გამოდის, რომ მასკის ქონება დაახლოებით $138,3 მილიარდი უნდა იყოს.
ცნობისთვის, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის, ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარდ არნო პირველ ადგილზეა.