SpaceX-ისა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ირანში ინტერნეტის მიწოდებას Starlink-ის 100-მდე თანამგზავრი უზრუნველყოფს. მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის თანამგზავრებს განათავსებს, რათა ირანში დემონსტრანტებს კომუნიკაცია შეეძლოთ იმ პროტესტის ფონზე, რომელმაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ იფეთქა.
უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელებისთვის ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობისთვის ზომები მიიღო.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, ირანელებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისების გასაფართოებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნა. აშშ-მ სანქციების მიუხედვად, ირანში, პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მასკი, ირანში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იმუშავებს.
შეგახსენეთ, რომ ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.