უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის მცდელობების შესახებ, ომში ჩართოს ბელორუსი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის, ბელორუსში მომხდარი ინციდენტი გამოიძიოს. სამინისტროს განმარტებით, ასეთ გამოძიებაში შეიძლება, ექსპერტები ჩაერთონ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთს რაიმე ფორმით მხარს არ უჭერენ.

მინსკის მტკიცებით, უკრაინული რაკეტა ბელორუსის ტერიტორიაზე ჩავარდა. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი გამოიძახა.

ბრალდებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ კარგად იცის რუსეთის მცდელობების შესახებ, რომელიც ომში ბელორუსის ჩართვას გულისხმობს.

„უკრაინა არ გამორიცხავს ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციას“, - აცხადებს უწყება. 

რაკეტა ბრესტის ოლქში, ერთ-ერთ სოფელთან ჩავარდა.

ბელორუსი რუსეთის აგრესიაში მონაწილეობდა და ნება დართო რუსეთს, გამოიყენოს თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. თუმცა ბელორუსს ჯარები უკრაინაში ჯერ არ გაუგზავნია.