საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას მიიღებს, თუმცა ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.
ამის შესახებ კულებამ RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სამხედრო დახმარება, რომელსაც უცხოელი პარტნიორები გასცემდნენ ბოლო 10 თვის განმავლობაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით, უპრეცედენტოა როგორც მოცულობით, ასევე ამ პროცესში ჩართული ქვეყნების რაოდენობით.
Politico-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის.
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.