საჰაერო ძალები: უკრაინელებმა სექტემბრის შემდეგ 500-მდე ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ სექტემბრიდან მოწინააღმდეგის კუთვნილი 500-მდე ირნაული „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდო.

„ჩვენ ვანადგურებთ დრონებს. როგორც ხედავთ, ორ დღეში - ახალი წლის ღამეს და მეორე დღეს 84 დრონი ჩამოვაგდეთ. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაშვებული დრონების 100% გაანადგურეს. ასეთი შედეგები აქამდე არასოდეს ყოფილა მიღწეული. 11 სექტემბრის შემდეგ ჩამოგდებული დრონების რაოდენობა 500-ს უახლოვდება“, - აღნიშნა იური იგნატმა.

იგნატმა ასევე აღნიშნა, რომ მტერი მიზანმიმართულად ზრდის ირანული უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ტერორისტულ თავდასხმას ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოწურვის მცდელობის მიზნით.