თურქეთმა ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენი [TANAP] აზერბაიჯანთან ერთად შექმნა. ჩვენც და აზერბაიჯანული მხარეც მუშაობას განვაგრძობთ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
„TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება“, - თქვა კალინმა.
მისი თქმით, რაც მთავარია, თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა.
„ეს რეზერვი თურქეთს ენერგეტიკული ბაზრის სრულიად განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს“, - აღნიშნა კალინმა.
ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP), რომელიც აზერბაიჯადან საქართველოს გავლით თურქეთისკენ მიდის, აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს.
TANAP-ის პროექტი, სამხრეთ კავკასიის მილსადენთან და ტრანსადრიატიკულ მილსადენთან ერთად სამხრეთის გაზის დერეფნის ერთიან სისტემას ქმნის. TANAP-ის მილსადენი წლიურად 6 მლრდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს გაატარებს თურქეთის მიმართულებით და დამატებით 10 მლრდ კუბურ მეტრს – ევროპის მიმართულებით.
მილსადენი ტრანსადრიატიკულ მილსადენს უკავშირდება, რომელიც წლიურად 10 მლრდ კუბურ მეტრი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში.
TANAP-ი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა.