ტალინი გეგმავს, შეიმუშაოს საკუთარი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, დაყადაღებულ რუსულ ფინანსურ აქტივებს კიევს გადასცემს, რათა ის რუსეთის შეჭრისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ გამოცემა Postimees-თან ინტერვიუში. ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შექმნას სამართლებრივი სტრუქტურა ესტონეთში გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად.
მისივე თქმით, ესტონეთი აპირებს, ევროპაში პირველი იყოს, რომელმაც გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცა.
მინისტრის თქმით, გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს, თუმცა კიევის სასარგებლოდ მათი გამოყენების პროცესი არ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიას შესაბამისი სამართლებრივი სქემის შემუშავება დაავალეს.