ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში აპირებს, უკრაინის უსაფრთხოების მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. დახმარება ასევე მოიცავს ბრედლის ტიპის საბრძოლო მანქანებს.
„აშშ უკრაინას თითქმის 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, ათეულობით ბრედლის მანქანის ჩათვლით“, - წერს Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ, პარასკევს გაკეთდება.
როგორც ადმინისტრაციაში აზუსტებენ, დაახლოებით 2,85 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი უკრაინას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან გადაეცემა. ამდენად, ეს აშშ-ის მიერ გაღებული უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი იქნება, რომელიც უკრაინულ ძალებს მიეწოდება.
შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას, განიხილებდა თუ არა „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანების უკრაინაში გაგზავნის საკითხი.
მანამდე, 4 იანვარს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს. კირბის თქმით, ახალი დახმარება შეიძლება, დამატებით HIMARS-ს (მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა) მოიცავდეს, რომლის მიწოდებამ ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ შეცვალა სურათი.
აშშ-ის არმია Bradley-ს ჯავშანმანქანებს ჯარისკაცების გადასაყვანად 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან იყენებს. აშშ-ის არმიას Bradley-ს ათასობით ჯავშანმანქანა ჰყავს, რომელსაც შეუძლია, უკრაინელებს ბრძოლის ველზე დაეხმაროს.