ირანს და რუსეთს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, როგორც არასდროს, - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy სტატიას აქვეყნებს და მკითხველს ექსპერტების შეფასებებს სთავაზობს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი და ირანი ათწლეულების განმავლობაში აყალიბებდნენ ხელსაყრელ პარტნიორობას დასავლური ძალების წინააღმდეგ, მაგრამ ურთიერთობა ისტორიულად, უნდობლობითა და სიფრთხილით იყო შეფერილი.
უკრაინაში ომმა შესაძლოა, ეს ყველაფერი შეცვალოს, რაც მოსკოვს უბიძგებს, მიიღოს ირანი ერთ-ერთი მთავარ უცხოელ პარტნიორად, რათა უზრუნველყოს საჭირო სამხედრო მარაგი თეირანიდან და გამოიყენოს სანქციებით განადგურებული ეკონომიკისთვის - თუნდაც ეს პარტნიორობა მომავალში დაბალ დონეზე შენარჩუნდეს.
„უკრაინასთან ომმა, რუსეთისა და ირანის ურთიერთობები შეცვალა, - ამბობს Foreign Policy-სთან საუბარში ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ დირექტორი ახლო აღმოსავლეთის კვლევების მიმართულებით, ემილ ავდალიანი.
„2022 წლამდე, რუსეთისა და ირანის ორმხრივ ურთიერთობებს ორმაგი სახე ჰქონდა: მაღალი დონის საუბრები, რომლებიც შინაარსისგან იყო დაცლილი, თუმცა ომის ფონზე, რუსეთი აზიისკენ სრულად შემობრუნდა და ახლა ირანის მხარდაჭერას კრემლი კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს“, - აღნიშნავს ავდალიანი.
აშშ-ის ოფიციალური პირებისა და რეგიონული ექსპერტების შეფასებით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობის გაღრმავებამ, შესაძლოა, უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გაგრძელება გამოიწვიოს, რადგან ირანი რუსეთს სამხედრო მხარდაჭერას უწევს და რესურსებს აწვდის.
ამასთან, ამ ფაქტორმა შესაძლოა, საფრთხის წინაშე დააყენოს აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში რომლებიც ეწინააღმდეგებიან ირანს, თუ რუსეთის მთავრობა ახალი ტიპის სამხედრო ტექნოლოგიებს და მაღალტექნოლოგიურ შეიარაღების სისტემებს მიაწოდებს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოს, რომელიც მძიმე სანქციების ქვეშ იმყოფება.
ირანთან პარტნიორობამ, რუსეთს ირანული წარმოების უპილოტო დრონები მოუტანა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა 2022 წლის შემოდგომის ბოლოს, ირანთან უპილოტო თვითმფრინავების შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმეს.
ამასთან, ირანმა ყირიმში გაგზავნა ინსტრუქტორები, რომელთაც რუს სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება შეასწავლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო თვეებში, ირანში იმყოფებოდა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც თეირანში ირანულ დრონებთან დაკავშირებით, გარიგების დასასრულებლად ჩავიდა.
„რთულია ისეთი ქვეყნის დასახელება, რომელიც რუსეთს ასეთ ენთუზიაზმით ეხმარება, როგორც ირანი“, - ამბობს ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელი, ანა ბორშევსკაია.
ახალი ტალღის მხარდაჭერის სანაცვლოდ, აშშ-ის ახლანდელი და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა შესაძლოა, რუსეთისგან მაღალტექნოლოგიური სამხედრო და შეიარაღების სისტემები მიიღოს, მათ შორის სუ-25-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, ან რუსული С-400-ბი და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
„უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების შემდეგ, ირანს შეუძლია, რუსეთისგან დაჟინებით მოითხოვოს მოიერიშე თვითმფრინავების გადმოცემაზე ხელშეკრულება და მომგებიანი ეკონომიკური და სავაჭრო გარიგებები რუსულ კომპანიებთან, რომლებიც ჯერჯერობით თავს იკავებდნენ [ირანში] ინვესტირებისგან აშშ-ის სანქციების გამო“, - განაცხადა ავდალიანმა.
ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
„ეს სხვადასხვა რეჟიმია, მაგრამ აქვთ საერთო - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ.
NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა 5 იანვარს, ნორვეგიაში გამართულ კონფერენციაზე.