ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, გერმანია კი, Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიაწვდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია.
ამასთან, Politico ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცეს, გერმანია კი მზადაა, კიევს Marder-ის ტიპის საბრძოლო მანქანები მიწოდოს“, - აღნიშნულია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი სისტემების გამოყენებაზე წვრთნების ჩატარებას ორივე ქვეყანა გეგმავს. ამასთან, ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის ერთ ბატარეას გადასცემს.
„უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გაიმეორეს თავიანთი განზრახვა, განაგრძონ მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით.
დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ბატარეას გადასცემს. გერმანია უერთდება შეერთებულ შტატებს Patriot-ის კიდევ ერთი ბატარეის მიწოდებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
- 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
- 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.