ბაკურიანი კორონაშეზღუდვების პირობებში

გოგა ჩანადირის სვეტი

ბაკურიანი ტურისტულ სეზონს კორონაშეზღუდვებით შეხვდა. ახლა იქ იმდენი დამსვენებელი აღარ არის, რამდენიც წინა წლებში. სასტუმროებიდან კი მხოლოდ კოვიდსასტუმროებია ღია. არც საბაგიროები მუშაობს, რამაც დაბას მოთხილამურეები და დაფებით მოსრიალეები მოაკლო. მეეტლები უმეტესად ცარიელები დადიან. თოვლმავლებიც დიდი დატვირთვით არ ქირავდება.

თუმცა, ეს, ალბათ, ერთადერთია, რაზეც ფასები არ შემცირებულა. მაგალითად, ბაკურიანი-ტაბაწყურის ტური კვლავაც 300 ლარი ღირს. დამსვენებლები ბოლო წლებში აშენებული სახლი-სასტუმროებით სარგებლობენ ან ბინებს ქირაობენ. ფასები განახევრებულია, რაც ბაკურიანში ჩასვლის ცდუნებას ნამდვილად ზრდის, მით უფრო მათთვის, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ. ბაკურიანში სასარგებლო ჰავაა. ყოფილ საბჭოთა კავშირის მაშტაბით სათხილამურო დედაქალაქადაც იწოდებოდა. პირველი სათხილამურო საბაგიროც აქ გაიმართა.

ბაკურიანი წარდგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლად, მაგრამ მაშინ სოკი სოჭით უფრო მოიხიბლა. ბაკურიანში, ისევე როგორც ალბათ სხვა რეგიონებშიც შეინიშნება კოვიდრეგულაციების დარღვევები, არამხოლოდ მომსახურე პერსონალის, არამედ დამსვენებლების მხრიდანაც.

სასურველია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კოვიდრეგულაციების აღსრულება სათანადოდ გაკონტროლდეს. დაბაში ყველგან ნახავთ გირჩის მურაბასა და ფიჭვის მტვერს, რაც, თურმე, სასუნთქი ორგანოებისთვის სასარგებლო ყოფილა. ეს ნაწარმი ბოლო წლებში გახდა პოპულარული. წლევანდელი წელი ბაკურიანელებისთვისაც რთული იქნება.

ისინი სახელმწიფოსგან კორონაშეზღუდვების შემსუბუქებასა და მხარდაჭერას მოელიან. თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და იმ რეგულაციების დაცვაზე, რაც ყველას მოგვეთხოვება. ახალი გადაწყვეტილებით კი, ბაკურიანში, ისევე როგორც სხვა სათხილამურო კურორტებზე, შეზღუდვებმა 1-ლ მარტამდე გადაიწია. ბაკურიანი კი დღეს თოვლიანი და ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მდუმარე დამხვდა.