აშშ-ის ვირჯინიის შტატში, ქალაქ ნიუპორტ ნიუსში პოლიციამ დააკავა 6ი წლის დაწყებითი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მასწავლებელი პისტოლეტით მძიმედ დაჭრა. იუწყება CNN პოლიციაზე დაყრდნობით.
სროლა დაწყებით სკოლაში 6 იანვარს, შუადღისას, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა, - განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსმა სტივ დრიუმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პირველკლასელმა, რომლის სახელიც არ სახელდება, კლასში მათ შორის მომხდარი ჩხუბის დროს, მასწავლებელს ერთხელ ესროლა. „ეს არ იყო შემთხვევითი გასროლა,” - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.
პოლიცია იძიებს საქმეს და ცდილობს დაადგინოს მომხდარის ყველა გარემოება და ასევე გაარკვიოს, თუ საიდან ჰქონდა ბავშვს იარაღი. პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ ინციდენტში სხვა ბავშვები არ მონაწილეობდნენ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული მასწავლებელი, რომელიც დაახლოებით 30 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. სტივ დრიუმ დასძინა, რომ ქალმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო, მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, არის „გარკვეული გაუმჯობესება“.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სკოლაში, რომელშიც 550-მდე მოსწავლეა, დამონტაჟებულია ლითონის დეტექტორები, მაგრამ ყველა მოსწავლეს ტესტირება არ უტარდება - ბავშვებს შემთხვევით ამოწმებენ, - წერს BBC News.
შეერთებული შტატების სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სტატისტიკის მიხედვით, The New York Times-ის თანახმად, 1970 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები მსგავს ინციდენტებში სულ მცირე 16-ჯერ იყვნენ ჩართული. აქედან სამი ინციდენტი, 2011 წლიდან 2021 წლამდე, ეხებოდა ექვსი წლის ბავშვებს (ორი ასეთი ინციდენტი განიხილებოდა როგორც შემთხვევითი სროლა).
ცნობილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ხუთი წლის ბავშვმა მოაწყო სროლა - ეს 2013 წელს მოხდა მემფისის სკოლაში, ტენესის შტატში.