უკრაინას საქართველოსთვის „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ არ გადაუცია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
- კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა
„გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით.
საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები.
რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.