NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ვროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი NATO-ს სათაო ოფისში შეხვდნენ, რათა ხელი მოეწერათ NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციაზე.
ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეიმუშაონ ქმედებები მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის საპასუხოდ, ასევე მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გასაძლიერებლად.
„ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი NATO-ევროკავშირის მესამე ერთობლივ დეკლარაციას, რათა გავაძლიეროთ NATO-სა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. [...] ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-ში სასიცოცხლო ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაძლიერება. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინს უკრაინის აღება რამდენიმე დღეში სურდა, ევროკავშირის და NATO-ს დაყოფა.
„ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს მამაცი უკრაინული ძალების ძალისხმევის შედეგად. NATO და ევროკავშირი ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს, გააკონტროლოს მეზობლები. ის ხედავს დემოკრატიას და თავისუფლებას, როგორც საფრთხეს. ამას ექნება გრძელვადიანი შედეგები ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაძლიერება. კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.