კულება ბერბოკთან 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს მიაწვდის

უკრაინის ქალაქ ხარკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან სამსაათიანი შეხვედრიდან მალევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოთქვა რწმენა, რომ გერმანია უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაპირებულ „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

კულებას თქმით, რუსული ოკუპაციისგან უკრაინის ქალაქებისა და სოფლების გასათავისუფლებლად ტანკებია საჭირო.

„ვფიქრობ, გერმანიის მთავრობას ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ტანკები უკრაინაში გაიგზავნება. საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ამის გამო ძვირფას დროს და სიცოცხლეს ვკარგავთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ აღნიშნა, რომ გაწეული დახმარების გამო, გერმანიის მადლიერია.

ვიზიტის დროს ბერბოკმა 20 მილიონი ევროს ღირებულების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა, რაც უკრაინაში Starlink-ის 10000-ზე მეტი ტერმინალის ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს.

ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს. მას აქტიურად იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები.