უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„მადლობას ვუხდი ბელგიის პრემიერ-მინისტრს ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, ჩვენი მშვიდობის ფორმულის და მისი ყველა ფუნდამენტური ელემენტის მხარდაჭერისთვის: ესენია უსაფრთხოების აღდგენა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენა.
დარწმუნებული ვარ, რომ ბელგიის ხელმძღვანელობა დაგვეხმარება სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. მადლობელი ვარ მზადყოფნისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ რეალურად უნდა მოვაახლოოთ მშვიდობა ჩვენი სახელმწიფოს შეიარაღებული მხარდაჭერის გაზრდით. ბელგიის მიერ უკვე გაწეულმა დახმარებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ახალ დახმარებაზე იმუშავებენ.
მადლობელი ვარ ესტონეთის პრეზიდენტისა და ყველა ესტონელის იმ ახალი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიმართულია ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ გზაზე. მადლობას ვუხდი ესტონეთს ევროპაში უკრაინის ინტერესების ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. მაშინაც კი, როცა ვინმეს ეჭვი ეპარება, ესტონეთი პოულობს არგუმენტებს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე სანქციების ზეწოლის გასაძლიერებლად.
მადლობელი ვარ ირლანდიის ახალი პრემიერ-მინისტრის მზადყოფნისთვის, გააგრძელოს ირლანდიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით ძლიერ მხარდაჭერაზე ენერგეტიკის მიმართულებით. მე მადლობა გადავუხადე ირლანდიას რუსული აქტივების გაყინვისთვის - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა ეს თანხები უკრაინის აღდგენისთვის გამოვიყენოთ.
ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ უკვე ოცდაათამდე მოლაპარაკება მქონდა პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან და წარმომადგენლებთან. მე ფაქტიურად ყოველდღე ვგრძნობ, როგორ ძლიერდება მსოფლიოს მტკიცე გადაწყვეტილება, დაძლიოს რუსული აგრესია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ არანაირი ესკალაცია მათ არ წაადგებათ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად.