აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ქვეყანაში 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინა პირველად 20-21 დეკემბერს დატოვა. რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტით, კიევის აქტიურ მხარდამჭერ სახელმწიფოში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგით ჩავიდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიღო. უკრაინის ლიდერი ისტორიული სიტყვით წარსდგა კონგრესშიც. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც ბაიდენმა ამერიკაში წლის ადამიანი უწოდა, ახლა „შინ კარგი ამბებით ბრუნდება“.

მანამდე იყო კონგრესისადმი 25-წუთიანი მიმართვა, რომელშიც ვაშინგტონისადმი სამადლობელ სიტყვასთან ერთად ზელენსკიმ აღნიშნა: „თქვენი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლიერნი ვართ.  ეს საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა“.

„სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა არ დაცემულა, ის სიცოცხლეს აგრძელებს. ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს, ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება, იგნორირებული იყოს, იმ იმედით, რომ ვინმე სხვა დაგვიცავს“, – განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა.



Joe Biden and Volodymyr Zelenskiy hold a joint news conference in the East Room of the White House

კონგრესში მისვლამდე, უკრაინის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დაუდასტურა, რომ უკრაინა მიიღებდა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რასაც კიევი კრიტიკულად მნიშვნელოვნად თვლის რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე გახშირებული თავდასხმის ფონზე. ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ ის მარტო არ არის და ყველას ესმის დღეს, რა დევს სასწორზე.


Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უკრაინისთვის, ახლა განსაკუთრებით მნიშნელოვნად მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი.

Europetime-თან ის ამბობს, რომ ზელენსკის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, რომ შტატები მხარს დაუჭერს კიევს, ვიდრე უკრაინის რუსეთის ძალებს არ განდევნის ქვეყნის ტერიტორიიდან.

სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, ზელენსკის ჩასვლა აშშ-ში, ვიზიტის სიმბოლურ დატვირთვაზე მიუთითებს.

„ამ ვიზიტს ტრანსფორმაციულს ვერ ვუწოდებ. ეს უფრო აშშ-ის განზრახვის დადასტურებაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე ის არ განდევნის რუსულ ძალებს უკრაინიდან. მნიშვნელობა აქვს სიმბოლიკასაც; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდება“, - ამბობს პოლ გობლი. 

ის მიიჩნევს, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“.

„წინ გვაქვს ზამთრის დღეები, ამიტომ ახლა ფლობას იმ იარაღისა, რომელიც განსაკუთრებით კარგად მუშაობს, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მოხარული ვარ, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩამოვიდა და მიიღო საჭირო მხარდაჭერა. ეს გაცილებით რთული იქნება მათთვის, ვისაც სურს, შეეწინააღმდეგოს უკრაინისთვის მეტის გაღებას, რაც კიევს აუცილებლად სჭირდება“, - მიიჩნევს სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი.


11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
  • 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
  • 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.