Bloomberg: ნავთობზე ზღვრული ფასის გამო, რუსეთი შემოსავლების სახით დღეში $172 მილიონს კარგავს

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ზღვრული ფასი, რუსეთის ფედერაციას ყოველდღიურად 160 მილიონი ევრო (172 მილიონი დოლარი) უჯდება.

ეს მაჩვენებელი 5 თებერვლიდან, როდესაც შეზღუდვა ნავთობპროდუქტებზე გავრცელდება, დღეში 280 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ Bloomberg-ი ჰელსინკის ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ცენტრის ინფორმაციით, თუ ფასის ზღვარი 60-დან 25-35 დოლარამდე შემცირდება ბარელზე, ეს რუსეთის ნავთობის შემოსავალს მინიმუმ 100 მილიონი ევროთ შეამცირებს.

სხვა შემოთავაზებული ზომები მოიცავს უფრო მკაცრ ჯარიმებს პირობების შეუსრულებლობისთვის და დამატებით სანქციებს, რამაც შესაძლოა რუსეთის შემოსავალი დღეში კიდევ 200 მილიონი ევროთი შეამციროს.

CREA-მ განმარტა, რომ რუსეთმა ამ დრომდე ზღვრული ფასით 3,1 მილიარდი ევროს ღირებულების ნედლი ნავთობი გაყიდა. 

5 დეკემბრიდან რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ემბარგო მოქმედებს. იმავე დღიდან დაწესდა ფასის ზღვარი საზღვაო გადაზიდვებზე და ბარელზე $60 განისაზღვრა.

მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვამ რუსეთის ფედერაცია უფრო მეტად დამოკიდებული გახადა ახალ მთავარ მყიდველებზე - ჩინეთსა და ინდოეთზე.

ამავდროულად, ინდური მედიის ცნობით, ნიუ დელის შეუძლია რუსულ ნავთობზე ფაისის ზღვარს მხარი დაუჭიროს, თუ ბარელის ფასი $60 დოლარს გადააჭარბებს.