მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება.
მოლაპარაკებებს ესწრებიან ეპიდემიოლოგებიც.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნას უკავშირდება.
„ჩვენმა სექტორმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით მართო პროცესები პანდემიის განმავლობაში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის პერიოდში, ექვსმა სავაჭრო ცენტრმა გავატარეთ და მოვემსახურეთ მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ ყოფილა, სიტუაცია არ დამძიმებულა, ანუ ეს შესაძლებელია.ამიტომ, ჩვენი შეთავაზება დღეს იქნება, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვების გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა. საერთო პრობლემაა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, იმიტომ რომ 17 000 ადამიანი ყოველდღიურად უნდა მივიდეს სამსახურში და წავიდეს სახლში - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც არ იყო შემუშავებული. ეს გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილში. ასევე ვისაუბრებთ კომენდანტის საათის გადაწევაზე, ერთი საათით მაინც. სავაჭრო ცენტრებმა და ზოგადად ბიზბესმა რომ იმუშაოს, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ძალიან ცოტა დროს არის, რომ ელემენტრალურად თანამშრომლები სახლში მივიდნენ“, - განაცხადა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.
„რითეილ გრუფ ჯორჯიას“ წარმომადგენელი რევაზ მაღალაშვილი აცხადებს, რომ რითეილებს და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს აქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება ეს პროცესი იმართოს.
„აქამდე რა რეგულაციებიც იყო, 100 პროცენტით წარმატებით ვმართეთ, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია და ვფიქრობთ, რომ არსებობს საშუალება კიდევ უფრო კარგად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ბიზნესმა მეტი შვება იგრძნოს და ზიანი არ მივაყენოთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. შაბათ-კვირის შეზღუდვა არის საინტერესო თემა ჩვენთვის, იმიტომ რომ 19:00 საათამდე ისედაც ვერ ვიმუშავებთ საათობრივი შეზღუდვის გამო“, - აცხადებს მაღალაშვილი.
სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ ხელმძღვანელი ზურაბ შავლაყაძე აცხადებს, რომ თუ ბიზნესი იხსნება, ეს გახსნა მომგებიანი უნდა იყოს.
„გახსნა უნდა იყოს არა უბრალოდ გახსნისთვის, არამედ იმითვის რომ ბიზნესმა მიიღოს სარგებელი. ჩვენი ძირითადი თხოვნა, რაც იქნება მთავრობის მიმართ ესაა შაბათ-კვირას მუშაობის შესაძლებლობა. მომხმარებელი გადანაწილდება და არ იქნება კონცენტრირება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით. ამასთანავე, თხოვნა იქნება ტრანსპორტის გახსნა.რაც შეეხება კომენდანტის საათს. ესეც არის ჩვენი თხოვნა გამომდინარე იქიდან რომ 9 ზე უკვე იწყება კომენდანტის საათი ძალიან მოკლე პერიოდი არის სამუშაოდ. სრულად ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას. იგივე თანამშრომლების გადაადგილება ძალიან რთულია და კომპანიებს ძალიან ძვირი უჯდებათ. დღეში ეს 3 ათასიდან 7 ათას ლარამდე აღწევს, წარმოიდგინეთ თვის მასშტაბით რამხელა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული“, - აცხადებს შავლაყაძე.