ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, განაცხადა კომპანია AB Amber Grid-ის ხელმძღვანელმა ნემუნას ბიკნიუსმა.
პარასკევს ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად, ცეცხლი ცაში, 50 მეტრამდე გავრცელდა. დაშავებულები არ არიან, მაგრამ პრევენციის მიზნით, ახლომდებარე სოფელ ვალაკელიაიდან 250-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი შუაღამისას ჩაქრა და მოსახლეობა შაბათს დაბრუნდა სახლებში, რადგან დაზიანებული მილსადენის შეკეთება დაიწყო.
მილსადენი გაზს კლაიპედის პორტიდან, მეზობელ ლატვიას აწვდის. მიმდებარე მილსადენი არ დაზიანებულა და აგრძელებდა აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას, განაცხადა AB Amber Grid-მა.
ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება.
ლიეტვამ უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ, რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის აპრილში მთლიანად შეწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყანა რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებს გაზის იმპორტს ათი წლის წინ აშენებული თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მეშვეობით.
კლაიპედის ტერმინალი ლიეტუვის ბუნებრივი აირის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს და მეზობელ ქვეყნებში მიწოდების საშუალებას იძლევა.