„მტერის ძირითადი შეტევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით, განსაკუთრებით სოლედარის რაიონში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული შენაერთები განაგრძობენ ქალაქის დაცვას", - ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობის პრესატაშემ სერჰი ჩერევატმა უკრაინული არხების ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
„სოლედარის სტატუსი რუსული არ არის. ჩვენი ქვედანაყოფები იბრძვიან, მუდმივ ზარალს აყენებენ მტერს და ყოველდღე ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს ქალაქი მტერს არ ნებდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერმა წარმოუდგენელი ფასი გადაიხადოს“, - ციტირებს ჩერევატს სააგენტო „უკრინფორმი“.
მანამდე რუსულმა მილიტარისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ვაგნერის PMC“-ის დაქირავებულებმა აიღეს სადგური და სოფელი სოლი, სოლედარის დასავლეთ გარეუბანში.
შეტყობინებას ახლავს ფოტო და ვიდეო სადგურის შენობის ფონზე, მაგრამ ამ ინფორმაციის სხვა სანდო დადასტურება არ არსებობს, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დამაჯერებლად აკონტროლებენ რუსები ამ ტერიტორიას.
- სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი
- ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.
- უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი
ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.
12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.