უკრაინამ სლოვაკეთისგან თვითმავალი ჰაუბიცა მიიღო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სლოვაკური წარმოების მერვე თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 მათ განკარგულებაშია.

„ეს არის რვა თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2-დან ბოლო, რომლის უკრაინისთვის მიწოდების ვალდებულება სლოვაკეთმა შარშან ივნისში დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე აიღო“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

ინფორმაციისთვის, რვა ერთეული Zuzana 2-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდების ხელშეკრულების შესრულების გარდა, სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Konstrukta-Defens-ი უკრაინისთვის კიდევ 16 ერთეულ ამ ტიპის აღჭურვილობას დაამზადებს, რომელსაც დანია, გერმანია და ნორვეგია ერთობლივად დააფინანსებენ.