უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ადმინისტრაციამ, გადადგომის შესახებ პრეზიდენტის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადება მიიღო.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა.
მანამდე არესტოვიჩმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში რუსული რაკეტის დარტყმის გარემოებების შესახებ დაუზუსტებელი განცხადება გააკეთა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა.
შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 44 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.