აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
„აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.