რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს

„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა.

თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”.

მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია.

„ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა.

მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად.

შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს.

უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.