უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, სულ უფრო მეტი ქვეყანა პასუხობს.
19 იანვარს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ქვეყნის უდიდეს სამხედრო ბაზაზე (TAPA), გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის, ასევე, დანიის, ნიდერლანდების, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების პირობა დადეს.
ესტონეთში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ 2023 იქნება წელი, როდესაც მსოფლიო ვლადიმერ პუტინს აჩვენებს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და რომ პარტნიორები ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ. აქვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტას გადასცემს.
19 იანვარს ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, ვერტმფრენებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის.
ასევე, ესტონეთი უკრაინას რეკორდული მოცულობის, 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.
თავის მხრივ, ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გაუგზავნის.
პოლონეთი უკრაინას S-60 საზენიტო იარაღს, 70000 საბრძოლო მასალას მიაწვდის. პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 42 ქვეითი საბრძოლო მანქანა, საწვრთნელ პაკეტებთან ერთად ორი მექანიზებული ბატალიონისთვის. გარდა ამისა, პოლონეთი აგრძელებს (155 მმ KRAB) ჰაუბიცების და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას.
დანიის ანგარიშზე იქნება 19 ფრანგული წარმოების „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცა.
ნიდერლანდები მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს გამოაცხადებს.
ერთობლივ განცხადებაში გამოცხადებული პაკეტები მოიცავს:
-
დიდი ბრიტანეთი - 600 ბრიმსტონის რაკეტა
-
დანია - 19 ფრანგული წარმოების კეისრის თვითმავალი ჰაუბიცა
-
ესტონეთი - ჰაუბიცები, საბრძოლო მასალები, დამხმარე მანქანები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები
-
ლატვია - Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ორი ვერტმფრენი და დრონები
-
ლიეტუვა - საზენიტო იარაღი და ორი ვერტმფრენი
-
პოლონეთი - S-60 საზენიტო იარაღი 70,000 ცალი საბრძოლო მასალა
-
ჩეხეთი - ჯავშანმანქანები (APCs) და ჰაუბიცები
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „სტრაიკერის“ ჯავშანტექნიკის გაგზავნას განიხილავს.
ამის შესახებ Bloomberg-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
საუბარია ახალ პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კვირის ბოლომდე გამოუყოფს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინისთვის აშშ-ის უახლოესი დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს.
„აბრამსის ტიპის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა“, - განუცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ჟურნალისტებს პენტაგონში, 18 იანვარს, იტყობინება Bloomberg.
18 იანვარს, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა გერმანიას, დიდი ხნის დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს უკრაინას.
როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გაუგზავნის, თუ აშშ არ დათანხმდება თავისი M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, იტყობინება Reuters, რომელიც ანონიმურ წყაროს ციტირებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გერმანიაში სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება. 20 იანვარს, გერმანიაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ეს ფორმატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა. მორიგ შეკრებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება. მანამდე, ასევე ცნობილია, რომ აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში 19 იანვარსაც გამოცხადდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს.