ქალაქზე სარაკეტო თავდასხმისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით უკრაინაში, ქალაქ დნიპროში შვიდი ადამიანი დააკავეს.
გამოძიების თანახმად, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჯგუფის წევრები ნებაყოფლობით დათანხმდნენ პრორუსული რადიკალური გაერთიანებას, რომ დნიპროს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ რუსეთის არმიას ინფორმაციას მიაწოდებდნენ.
გამოძიების მონაცემებით, ჯგუფი რუსებს ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის მომზადებისთვის საჭირო კოორდინატებს აწვდიდა.
თავდასხმის შემდეგ ჯაშუშები მიდიოდნენ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, რათა რუსეთის არმიისთვის თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია გადაეცათ და მოეხდინათ მათი კორექტირება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ახლა დგინდება, დაკავშირებული იყვნენ თუ არა დაკავებულები დნიპროზე 14 იანვარს მოხდარ თავდასხმებთან.
ამას გარდა, რუსეთის ჯაშუშები აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის არმიის ქვედანაყოფებისა და უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ადგილისა და გადაადგილების შესახებ.
ჯგუფს პრორუსული რადიკალური გაერთიანების, „რუსული გათავისუფლების მოძრაობის“ (სერბი,) მეთაური კურირებდა. ამ გაერთიანების იდეოლოგიური მიზანია უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის წინააღმდეგობა.
პოლიციამ გაჩხრიკა დაკავებულების რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამოიღო დოკუმენტები და მობილური ტელეფონები, რომლებშიც, არსებული ცნობით, მიკვლეულია კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი საბუთები.
დაკავებული პირები ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო ღალატში, რომელიც საომარი მდგომარეობის დროსაა ჩადენილი.
14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.