საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, - ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
„რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, - განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.