საფრანგეთმა რუსული პროპაგანდისტული არხის RT France-ის საბანკო ანგარიშები (რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის ფარგლებში) დაბლოკა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საპასუხო ზომების“ მიღება დაიწყო.
რუსული მედიის ცნობით, ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ქსენია ფედოროვამ ანგარიშებზე წვდომის დახურვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბლოკირება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს RT France-ის შემდგომ მუშაობას. „RT France, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ხელფასების გადახდას”. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიამ საქმიანობა შეაჩერა.
არხის თანამშრომლები შიშობენ, რომ RT France-ის პროპაგანდისტული სტატუსის გამო ახალ სამუშაოს ვერ იპოვიან.
საფრანგეთის გადაწყვეტილებას რუსეთმა მუქარით უპასუხა.
რუსი დიპლომატების თქმით, ფედერაციის ტერიტორიაზე ფრანგული მედიის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გატარდება, რასაც ისინი „დაიმახსოვრებენ“.