ისრაელი კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს - მედია

ისრაელი კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს. შესაბამის სტატიას ისრაელის მედია აქვეყნებს. როგორც Times of Israel-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მთავარი მოთამაშე არ არის, იერუსალიმი თვლის, რომ არსებობს უნიკალური სარგებელი, რომლითაც მას მოკავშირეების უზრუნველყოფა შეუძლია. საუბარია მოკავშირეებზე, რომლებიც ისრაელის ინტერესებს შეესაბამებიან. 

„შესაძლოა, ამ ძალისხმევის ყველაზე აშკარა ნიშანია ძალიან კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომელიც რუსეთს, საქართველოს, სომხეთს და ისრაელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ირანს ესაზღვრება.

ირანს, თურქეთს, რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთის სუბკონტინეტს შორის მოქცეული ენერგიით მდიდარი რეგიონები საკვანძო მნიშვნელობის გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე  დგას, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორეულ აღმოსავლეთთან აკავშირებს“, - წერს გამოცემა.

The Times of Israel-თან საუბარში, აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტარი რამინ მამედოვი ამბობს:

„ჩვენ უნდა გაეთვალისწინებინა რისკები, რომლებიც შეიძლება რეგიონული ძალების და სხვა ქვეყნების მხრიდან მომდინარეობდეს“. „დღეს, იმედია, აზერბაიჯანის სუვერენიტეტისთვის მთავარი საფრთხე წარსულში დარჩა“.


ირანი, სადაც მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, დიდი ხანია, თავის პატარა ჩრდილოელ მეზობელს მის ტერიტორიაზე სეპარატისტული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს. 

თუმცა მამედოვი აღნიშნავს, რომ ბაქო ისრაელთან კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვისას, ირანის პოზიციას აღარ ითვალისწინებს.

„ისრაელი აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ისრაელმა 2016-2020 წლებში ბაქოს ძირითადი იარაღის იმპორტის 69 პროცენტი უზრუნველყო, რაც ამ პერიოდში იერუსალიმის იარაღის ექსპორტის 17%-ს შეადგენს.

აზერბაიჯანის მდებარეობა მას ისრაელისთვის მიმზიდველ მოკავშირედ აქცევს. ბაქო, სავარაუდოდ, ისრაელს უფლებას აძლევს, გამოიყენოს ბაზები მის მიწაზე, რათა ირანის თავზე სადაზვერვო ფრენები განახორციელოს. იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ირანის რეაქტორებსა და ქარხნებზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, აზერბაიჯანულ ბაზებზე წვდომა ამ ამოცანას ბევრად უფრო განხორციელებადს გახდის.

ოქტომბერში თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბენი განცი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანს, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ზაქირ ჰასანოვს და ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა“, - წერს Times of Israel-ი.