ბუნდესვერმა ორშაბათს, 23 იანვარს პოლონეთში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი ესკადრილიიდან, პირველი ორის გადატანა დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ტელეკომპანია Welt-მა შესაბამისი კოლონების ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
საზენიტო სისტემები განლაგდება სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქალაქ ზამოსკის რაიონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში და უკრაინის ქალაქ ლვოვიდან 110 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ განლაგების ადგილის სიახლოვეს განთავსებულია სარკინიგზო გადაზიდვის სადგური, რომელიც უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო და სამხედრო ტვირთებისთვის არის განკუთვნილი.
ბუნდესვერის ჯარისკაცები პოლონეთში 16 იანვრიდან იმყოფებიან, რათა იარაღის სისტემის კომპონენტების დაყენება უზრუნველყონ.