ევროპაში ყველაზე სწრაფი მეტროს ხაზი სტამბულში ამოქმედდა, რომელმაც ქალაქის ევროპული ნაწილი საერთაშორისო აეროპორტთან დააკავშირა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მატარებელი ამ ხაზზე 90-120 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ მგზავრობას კიაგითჰანის სადგურიდან, (34-კილომეტრიანი ხაზი) სტამბულის აეროპორტამდე დაახლოებით 24 წუთი დასჭირდება.
მისივე თქმით, ახალი სადგურების მიერთებით ხაზის ჯამური სიგრძე 69 კმ იქნება.
„ჩვენ ვქმნით უზარმაზარ მეტროს სისტემას, რომელიც წლის ბოლომდე სტამბულის მთელ ევროპულ ნაწილს დაფარავს“, - განაცხადა მან ტელეკომპანია TRT-ის ეთერში.
ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ მეტროპოლიტენის ახალი ხაზი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზით იქნება ინტეგრირებული.
შეგახსენებთ, რომ სტამბულის ახალმა აეროპორტმა ფუნქციონირება ათათურქის აეროპორტის დახურვის შემდეგ 2019 წელს დაიწყო, რომელიც ერთ დროს ევროპის სამი ყველაზე დატვირთული საჰაერო ნავსადგურიდან ერთ-ერთი იყო.
გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის მშენებლობის დასრულების შემდეგ სტამბულის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი ასაფრენი ბილიკი ექნება და ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ მგზავრს მოემსახურება.