კიევის რეგიონში, ბროვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა იყო. ეს ავიაკატასტროფის ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით გამოიკვეთა, წერს CTRANA.ua შსს-ს წყაროებზე დაყრდნობით.
- კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ
- ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე
CTRANA.ua-ს თანამოსაუბრეების თქმით, „ვერტმფრენის პილოტი შეზღუდული ხილვადობის პირობებში ძალიან დაბლა დაფრინავდა - იმ დღეს ძლიერი ნისლი იყო და მაღლივი შენობა ძალიან გვიან შენიშნა“.
შსს-ში გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პილოტმა ეს მარშრუტი ბელორუსის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო აირჩია.
„ჩვენი REP (რადიო ელექტრონული ჩახშობა - რედ.) მუშაობდა. ამან იმოქმედა ნავიგაციაზე. პილოტმა გადაწყვიტა ბროვარის გავლით გაფრენა. ნისლი იყო და შუქი არ იყო, ამიტომ მაღლივ შენობებზე წითელი შუქები გამორთული იყო. მას აღარ ჰქონდა კატასტროფის თავიდან აცილების შესაძლო ვარიანტები. პილოტმა მოულოდნელად შეცვალა მიმართულება და ვერტმფრენი უახლოეს საბავშვო ბაღს დაეცა", - თქვა CTRANA.ua-ს წყარომ.
შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი იყო.
დაღუპულებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და შსს სახელმწიფო მდივანი.
მანამდე, SBU-მ ბროვარში მომხდარი ავარიის სამი ძირითადი ვერსია განიხილა. მათ შორის: ფრენის წესების დარღვევა, შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, სატრანსპორტო საშუალების განადგურების მიზანმიმართული ქმედებები.