ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების მიმოხილვისას განაცხადა, რომ კიევმა ბელორუსს სავარაუდოდ, თავდაუსხმელობის პაქტი შესთავაზა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ შესთავაზა თავდაუსხმელობის პაქტი.
„მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთი მხრივ, ისინი გვთხოვენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან და ჩვენი ჯარები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ გადავიდნენ. მეორეს მხრივ კი გვთავაზობენ თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს სიტყვებზე კომენტარი უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. „არ მჯერა, რომ ასეთი წინადადება არსებობდეს. თუნდაც წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების გაფორმება ხანგრძლივი, ფორმალიზებული და საჯარო პროცესია. უფრო მეტიც, ასეთი შეთანხმება ხშირად პარლამენტის მიერ რატიფიცირებას მოითხოვს“.