ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა.

ბურიჩის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების რაოდენობა ფართოვდება მათ შორის იმ ქვეყნებით, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობისთვის მოლდოვისა და უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, რაოდენობა იზრდება დასავლეთ ბალკანეთის მიღმა, მათ შორის ჩვენი წევრი სახელმწიფოების რიცხვშიც, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლების მეშვეობითაც შეგვიძლია, ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო ვიყოთ”, - განააცხადა პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.