თურქეთი უკრაინისთვის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდებას გეგმავს

თურქულმა კომპანია Karpowership-მა, უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიასთან (ECU) 500 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდების შესახებ მემორანდუმს მოაწერ ხელი.

თურქული კომპანიის ცნობით, ელექტროსადგურების მეშვეობით, უკრაინაში 1 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიას მიიღებს.

მცურავი ელექტროსადგურების განთავსება მოლდოვისა და რუმინეთის პორტებშია შესაძლებელი. შესაბამისად, უკრაინული ქსელები ელექტროენერგიას ამ ქვეყნების გავლით მიიღებენ.

უკრაინული და თურქული კომპანიები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რუმინეთისა და მოლდოვის ხელისუფლებასთან გეგმავენ.

ECU-ს გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ბუტენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების 12 მასიური თავდასხმა განხორციელდა.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების პირობებში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა წარმოების სიმძლავრეების აღსადგენად შეუძლებელია.

რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 10 ოქტომბრიდან უტევს, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა.

Ukrenergo-ს ინფორმაციით, დღემდე უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ სლოვაკეთიდან ხორციელდება.