აზერბაიჯანის ერთადერთი მიზანი არ არის მხოლოდ მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა. ამ პროვოკაციული ქმედებებით აზერბაიჯანი ცდილობს ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და რეგიონში მოახდნოს ახალი ომის პროვოცირება.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 26 იანვარს სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს ძალისხმევაში, რათა წინ წავიწიოთ სამშვიდობო დღის წესრიგი და არ გადავუხვიოთ ამ გზას პროვოკაციის გამო“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, სომხებისა და დიასპორული ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევა, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტებს.
ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ობიექტურად და მიუკერძოებლად რეაგირებენ სიტუაციაზე, ეყრდნობიან ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ლაჩინის დერეფანი საერთოდ არ არის დაკეტილი, რომ მთიანი ყარაბაღისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.
„ცხადია, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საპირისპიროს ამტკიცებენ. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა ამ წინააღმდეგობის დე იურე გადასაჭრელად არის საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში. ჩვენ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში არსებული ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და სომხური მხარე ყველა სირთულის გაცნობიერებით სწორედ ამ ლოგიკით იხელმძღვანელებს.