თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა უსაფრთხოების განყოფილება გაარღვია და საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა.
დიპლომატიური მისიის კიდევ ორი თანამშრომელი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
იმავდროულად, თეირანის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა სარდარ ჰოსეინ რაჰიმმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საელჩოზე თავდამსხმელი დააკავეს. მისი ვინაობა არ გახმაურებულა.
მისივე თქმით, თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეიჭრა.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, მისი მოტივი „პირადი და ოჯახური პრობლემები" იყო.