მედია: კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში ტვირთების გადაზიდვას საფრთხეს უქმნის

კასპიის ზღვაში წყლის დონის დაწევის პროცესის დაჩქარებამ, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში საზღვაო ტვირთების გადაზიდვას საფრთხე შეუქმნა. 

ყაზახური მედიის ცნობით, ბოლო წლებში გემები, რომლებსაც კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე აქტაუსა და კურიკის პორტებში ტვირთები გადააქვთ, მოცულობას ამცირებენ, რადგან მეჩეჩზე დაჯდომის რისკი მაღალია.

აქტაუსა და ატირაუს პორტები განლაგებულია შუა დერეფანში (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი), რომლის მნიშვნელობა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით (რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ) გაიზარდა.

  • წლის დასაწყისიდან ამ დერეფნის მონაწილეები ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის საკითხზე სხვადასხვა დონეზე დისკუსიებს მართავენ. თუმცა, კასპიის ზღვაში წყლის დონე კვლავ კლებულობს, რამაც შესაძლოა, მომავალში სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნას ტვირთების გადაზიდვას.

ყაზახური მედიის ცნობით, მშრალი ტვირთების გადამზიდავი გემები და ტანკერები სრულად არ არის დატვირთული. კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება არა მხოლოდ გემებს უქმნის საფრთხეს, არამედ ზიანს აყენებს საზღვაო ეკოსისტემასაც.

ამ დროისთვის, აქტაუს პორტი კასპიის ზღვის ყველაზე დიდი სატრანსპორტო კერაა, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების კვეთაზე მდებარეობს, როგორიცაა TRACECA, ჩრდილოეთ-სამხრეთი, INOGATE და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს უკანასკნელი გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში მიდის.

აქტაუს საზღვაო პორტის გარდა, რეგიონში კურიკის პორტი სარკინიგზო და საავტომობილო ნავსადგურებით ფუნქციონირებს, რომლებიც ერთდროულად ოთხ ბორანს ემსახურება.

ნავთობპროდუქტები, ქიმიური პროდუქტები, ლითონები, სამომხმარებლო საქონელი და მრავალი სხვა გადაიზიდება კურიკის გავლით. იმპორტს შეადგენს საკვები, სამრეწველო აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და სხვა საქონელი. პორტში სატრანზიტოა ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ქიმიური ნაწარმი, ლითონის ნაწარმი.

გარდა ამისა, აქტაუს საზღვაო ტერმინალი (AMST) კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებს, რომელიც ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განუყოფელი ნაწილია.

ჩრდილოეთ ტერმინალიდან ტვირთების ტრანსპორტირება ძირითადად ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის პორტების მიმართულებით ხდება.

საზღვაო ტრანსპორტის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის კუანიშ ესეტოვის თქმით, „კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, გადამზიდავ კომპანიებთან ჯერ კიდევ 2006 წელს შეექმნათ. ეს პირველებმა იგრძნეს ორგანიზაციებმა, რომლებიც ქაშაგანის პროექტის ფარგლებში ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობაში ჩაერთნენ. სამშენებლო მასალების მიწოდებისას ბარჟები წყლის დაბალი დონის გამო გადატვირთვის ადგილზე ვერ მოდიოდნენ. ეს იყო პირველი ნიშნები იმისა, რომ კასპიის ზღვამ შესაძლოა, სიღრმე დაკარგოს. სწორედ მაშინ დაიწყო საუბრები, რომ საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება, მაგრამ შემდეგ ქაშაგანის ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობა დასრულდა და ყველა დამშვიდდა“.

  • ის, რომ კასპიის ზღვაში წყლის ამჟამინდელი დონე უარყოფითად მოქმედებს ნაოსნობაზე, ამას სტატისტიკაც ადასტურებს.

აქტაუს საზღვაო პორტის თანახმად, ნავთობის ტანკერებს, რომელთა ტევადობა დღეს 12000 ტონაა, შეუძლიათ ბორტზე მაქსიმუმ 9000 ტონა დატვირთონ.

მსგავსი ვითარებაა მშრალი სატვირთო გემების შემთხვევაშიც. თუ ადრე საკონტეინერო გემს შეეძლო 350 კონტეინერის გადატანა 20 ფუტის ეკვივალენტში, ახლა მხოლოდ მაქსიმუმ 280 კონტეინერის გადატანაა შესაძლებელი.

„ახლა კასპიის ზღვაში მდებარე ყაზახეთის საზღვაო ნავსადგურებს გაწმენდა სჭირდება. წელს იგეგმება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება, შემდეგ კი საპროექტო ხარჯთაღრიცხვა. თავად სამუშაოები 2025 წელს განხორციელდება. პორტები სამართლიანად შიშობენ, რომ ზღვის დონის მკვეთრმა ვარდნამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში საზღვაო გადაზიდვის ღირებულების ზრდა გამოიწვიოს, შემდეგ კი ტვირთების სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებზე გადაადგილება“, - წერს მედია.