ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის განცხადებით, ირანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ირანის პირველი დიპლომატი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.

ჯავად ზარიფი საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. თბილისში ვიზიტამდე ირანის პირველი დიპლომატი, ბაქოში, მოსკოვში და ერევანში იმყოფებოდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი.

რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი