NDI-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის ერთგულებაზე მიუთითებს.
კვლევის ავტორების შეფასებით, ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა (აგვისტოში ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი 75%-ს შეადგენდა), რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. თუმცა ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
მსგავსი ტენდენციაა NATO-სთან მიმართებითაც - მოსახლეობის უმრავლესობა (73 პროცენტი) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს.
ამავე კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს - სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან.
ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51 პროცენტი) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია.
წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.
მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41 პროცენტიდან 51 პროცენტამდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე ხუთ პროცენტიანი ზრდაა. მეტიც, „ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.
„NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადჰყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს. აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს.
ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ,” - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს დირექტორი.
პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შორის მზარდი დისტანცია ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ნდობის აღსადგენად პოლიტიკოსებმა და არჩეული თანამდებობის პირებმა აქცენტი ხალხის საჭიროებებზე უნდა გააკეთონ და არა საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე.
საგულისხმოა, რომ ახალი კვლევა პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზე მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რო მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სწყურიათ“, - განაცხადა ალან გილამმა.
ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდი 3-20 დეკემბერს მოიცავს. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.
ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).