ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს - NDI

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს.

წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს და აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს.

 

„ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ“, -აცხადებს NDI საქართველოს დირექტორი ალან გილამი.

ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდია 3-20 დეკემბერი. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.

ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).