2 თებერვალს, უკრაინაში ჩასვლისთანავე, ევროკომისიის დელეგაციამ შეხვედრა გამართა უკრაინის მთავრობასთან - სამიტამდე ერთი დღით ადრე, რომელსაც კიევი სამ თებერვალს უმასპინძლებს.
ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით, 500 მილიონ ევროს (542 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების მეშვიდე ტრანშს გადასცემს, დამატებით, 45 მილიონ ევროს (49 მილიონი აშშ დოლარი) გაიღებს უკრაინული ჯარების წვრთნისთვის.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად ეწვია, ასეე განაცხადა, რომ ევროკავშირი 30,000-მდე გააორმაგებს უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობას, რომლებსაც წელს წვრთნები ჩაუტარდებათ.
„ევროპა პირველივე დღიდან ერთიანი იყო და კვლავ დარჩება თქვენთან ერთად გამარჯვებისა და აღდგენისთვის", - განაცხადა ბორელმა.
ფონ დერ ლაიენმა, რომელიც მეოთხედ ეწვია კიევს თებერვლის შეჭრის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, 24 თებერვლამდე - სრულმასშტაბიანი ომის პირველ წლისთავზე იყოს მზად. მისი თქმით, სანქციების მე-10 პაკეტის სამიზნეა რუსეთის ნავთობპროდუქტები და ეს ზომები დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციით მიიღება.
„ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით ისე, როგორც არასდროს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კიევში ჩასვლისას.