ირაკლი კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული ცალმხრივი სანქცია მოიხსნება, თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

„ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული?! არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი.

ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი.

ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ცხადი. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენს პოზიციას ყველაფერთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ.

რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას.

გარდა ამისა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.

კიევის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.