გერმანიის მთავრობამ ქვეყნის თავდაცვის კომპანიებს უკრაინაში 178-მდე ტანკის (Leopard 1A5) ექსპორტის უფლება მისცა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს, 7 თებერვალს გავრცელებულ პრესრელიზში განაცხადა.
მისივე თანახმად, მარაგების დაფინანსება და ტანკების შეკეთება, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა, ევროპულ პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 7 თებერვალს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან მიიღებს 100-ზე მეტ ძველ საბრძოლო ტანკს (Leopard 1A5). მისი თქმით, სულ მცირე სამი ბატალიონი Leopard 1A5-ს ტიპის ტანკებით უნდა იყოს აღჭურვილი „2024 წლის პირველი ან მეორე კვარტლისთვის“.
გერმანიის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 14 თანამედროვე Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება 25 იანვარს მიიღო.