თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნაზე მუშაობს, რომ სტიქიით დაზარალებულ მეზობელ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისი განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სირთულეს იწვევს სირიის მხარეს სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზის დაზიანება.
„არსებობს გარკვეული სირთულეები თურქეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების [სირიაში მიღწევაში] კუთხით. ამ მიზეზით, მიმდინარეობს ძალისხმევა კიდევ ორი სასაზღვრო პუნქტის გასახსნელად“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ბოლო ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთში 9 000-ს გადასცდა. სირიაში დაღუპულთა რაოდენობა კი, 3 000-ს აღწევს.