ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.
დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.