საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობა - მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას სთავაზობს.

„პოლონეთმა შესთავაზა საქართველოს მთავრობას და მე ამის შესახებ ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს პოლონეთში მკურნალობა. ჩვენ, უბრალოდ, გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაფერი უარესი დაემართოს.

თუ საქართველოს სურს, ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი თავის ევროპულ მისწრაფებებზე, მაშინ ის სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ მიმართვას, რომელსაც საგარეო სამსახურები უკვე აყალიბებენ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.