არჩილ თალაკვაძე: ველით, რომ პარლამენტში ოპოზიცია უფრო გაფართოვდება

პარლამენტის თავმჯდამრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ელის, რომ პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ "მოქალაქეებთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა და დასძინა რომ პარტია ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა. "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან.

„გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა - გავაფორმეთ დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენს მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობა საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპზე. ეს რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და შეუძლიათ შეთანხმებას მათაც მოწერონ ხელი და პარლამენტში შემოვიდნენ.

რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რათა შემოუერთდეს პროცესს კიდევ მინიმუმ იმდენი წარმომადგენელი ოპოზიციიდან, რაც იქნება საკმარისი ამ ცვლილებების განხორციელებისთვის.

ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენ, როგორც სახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განვაცხადეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომ ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში, ჩვენ გაუმჯობესებული კანონმდებლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, "გირჩი" აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლაზე მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხდება. "გირჩის" მოთხოვნაა, თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღო, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ასევე მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო ამ ეტაპზე პარლამენტში არ არსებობს.

ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, საბოლოოდ 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან