რომის პაპმა ფრანცისკემ, საქართველოზე საუბრისას, ვატიკანში ვიზიტით მყოფ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას განუცხადა, რომ „საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით. პონტიფიკოსის მიმართვის სრული ტექსტი წმინდა საყდრის ნუნციომ საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა გაავრცელა.
„საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ.
- არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ. მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას”, - აღნიშნა პაპმა.
შეხვედრისას, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ „ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს“.
რომის პაპის თქმით, „ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად”.
მან განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ხშირად სწორედ დავიწყება და გულგრილობა აბნელებს და განურჩეველს ხდის ყოველივეს ირგვლივ; ხოლო კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და შუქს ჰფენს აწმყოს. ეს აუცილებელია ახალგაზრდის და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ზრდისთვის”.
„როგორც შევიტყვე, კეთილშობილ ქართულ ენაში ტერმინი „educazione“ (“აღზრდა”) ჟღერს როგორც „განათლება“. ეს ძალზე საინტერესოა, რადგან მომდინარეობს სიტყვიდან „ნათელი“ და გულისხმობს უვიცობის წყვდიადიდან ცოდნის სინათლისკენ სვლას. აღზრდა თქვენებურად ნათლისკენ მობრუნებაა, განათლების სინონიმია.
ეს ძალზე ნიშანდობლივია - ბნელ ოთახში სანთლის ანთებას ჰგავს; არაფერი იქ არსებული არ იცვლება, მაგრამ ყოველი საგანი სხვაგვარად წარმოჩნდება. სწორედ ასეთია თქვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება, რომელიც ყველაფრის შუაგულში ადამიანის პიროვნულ ღირსებას მოიაზრებს”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
პონტიფიკოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაც ახსენა და აღნიშნა, რომ როცა სევდა შემოაწვება, მის მუსიკას უსმენს.
„მახსენდება პატრიარქი ილია - დიდი ადამიანი! როცა სევდა შემომაწვება, მის მუსიკას ვუსმენ, მის სიმღერებს და თავს უკეთ ვგრძნობ! ბრავო! - ღვთისკაცი, რომლის სახესაც ჩემს ლოცვებში ვატარებ და რომლის ძვირფას მუსიკალურ ქმნილებებსაც შთაგონებით ვუსმენ.
გულში ვინახავ მასთან შეხვედრებს, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტაძარში, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ნიშნად ქრისტეს კვართისა, რომელიც სახარებაში აღწერილია, როგორც „არა ნაკერი, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ (იო 19, 23) და რომელიც გადმოცემისამებრ, ეკლესიის ერთიანობას, ქრისტეს სხეულს განასახიერებს.
თქვენი უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ნაყოფიერი თანამშრომლობისა კულტურისა და განათლების სფეროებში. არ მავიწყდება ჩინებული ღვინო, პატრიარქმა ილიამ რომ გამასინჯა - მაგარი, მაგრამ ძალიან კარგი!“, - განაცხადა რომის პაპმა.